საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხი განიხილა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტში წარდგენილ პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხი განიხილა.
პეტიცია საქართველოს მოქალაქის, მარიამ ბოხუას მიერ არის წარდგენილი და ის „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის საკითხს შეეხება - კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს პირველკლასელთათვის დადგენილი ასაკობრივი ზღვარის საგამონაკლისო წესით შეცვლას.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 523 ხელმოწერიდან 15 წარდგენილია დარღვევით, ხოლო დანარჩენი ხელმოწერები პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს შეესებამება. მისივე თქმით, ნამდვილი 508 ხელმოწერაა, რაც აღემატება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ნამდვილი ხელმოწერების საჭირო რაოდენობას - 300-ს.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, პეტიცია პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ სტანდარტს შეესაბამება.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება შემდგომი რეაგირებისთვის.
