
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ტერიტორიული რეზერვის შესახებ ინფორმაცია წარადგინა და პროგრამის მიზნებზე, სტრუქტურასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესში მის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ტერიტორიული რეზერვი 2018 წელს საპილოტე პროგრამის სახით ამოქმედდა და ის თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ტერიტორიული რეზერვი სწრაფ მობილიზაციას, საბრძოლო მხარდაჭერასა და ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზებას უზრუნველყოფს. იგი ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში ფუნქციონირებს და ქვეყნის მასშტაბით ტერიტორიული პრინციპით არის ორგანიზებული.
„აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადები ფუნქციონირებს, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში განლაგებულ ბატალიონებს აერთიანებს. რეზერვისტების სამსახური ნებაყოფლობითია და მოქნილ გრაფიკს ითვალისწინებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისა და დასაქმებული მოქალაქეებისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორიული რეზერვი მხოლოდ სამხედრო ამოცანებით არ შემოიფარგლება - საგანგებო სიტუაციების დროს რეზერვისტები აქტიურად ეხმარებიან სახელმწიფო უწყებებს. ამასთან, მათთვის უზრუნველყოფილია შესაბამისი ანაზღაურება, სამედიცინო დაზღვევა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები. პროგრამის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მზარდია, რაც მოქალაქეების გაზრდილ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს ქვეყნის უსაფრთხოების მიმართ“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
მისივე თქმით, ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ პირებს პროფესიული სამხედრო კურსის გავლისა და დაწინაურების შესაძლებლობა აქვთ. ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტებისთვის 2023 წლიდან ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის სრული პაკეტი მოქმედებს.
„პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ტერიტორიული რეზერვი ყოველწლიურად ახალ რეზერვისტებს იღებს. აღნიშნულის საფუძველზე, 2026 წლის თებერვლიდან დაწყებულია მისაღები კანდიდატების რეგისტრაცია. კონტრაქტის დასრულების შემდეგ, რეზერვისტების დაახლოებით 70% მეორე ვადით, ორი, სამი ან ოთხი წლით აგრძელებს კონტრაქტს. რეზერვისტების მომზადება გაწერილი გეგმა-კალენდრის შესაბამისად მიმდინარეობს. ტერიტორიული რეზერვი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან კომპლექტდება და შესაბამისად, საბრძოლო მოქმედების გეგმა მაქსიმალურად მორგებულია რეზერვისტების სამუშაო გრაფიკზე. კონტრაქტის დასრულების შემდეგ ტერიტორიული რეზერვისტები მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ირიცხებიან“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დაესწრო.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა თავდაცვის მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.