სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ განიხილა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ განიხილა.
მომხსენებელმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა კომიტეტის წევრებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.
მისი თქმით, სააგენტო შემდეგი მიმართულებებით საქმიანობდა: სერვისებისა და პროგრამების გეოგრაფიული გაფართოება, მოწყვლადი ჯგუფების მაქსიმალური მხარდაჭერა, პროგრამების მაქსიმალური მორგება ბაზრის რეალურ მოთხოვნებზე და უწყების ინსტიტუციური გაძლიერება.
როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ყველა რეგიონში და 16 მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი.
„ცნობადობის გაზრდა სააგენტოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, განსაკუთრებით - რეგიონებში. ამიტომ, ამ მიმართულებით ნაბიჯები ძალიან სწრაფად არის გადასადგმელი. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ გულშემატკივარი ჰყავთ, რომელიც დასაქმების უმოკლესი გზის პოვნაში დაეხმარება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მომხსენებლის თქმით, სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამებია, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება და სახელმწიფო და კერძო კოლეჯების ქსელს ეფუძნება. როგორც მან აღნიშნა, ამ პროგრამებით, რომელთა ხანგრძლივობა ერთიდან სამ თვემდეა, 3000-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა.
გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, შარშან სააგენტოს ცნობადობისა და გეოგრაფიული გაფართოების შედეგად, 59%-ით გაიზარდა მოქალაქეთა მიმართვიანობა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სააგენტოს დაფინანსების მხრივ პრობლემა არ აქვს და არსებული ბიუჯეტი ეფექტიანად იხარჯება.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრების კითხვებს უპასუხა.
სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი ცაგარეიშვილს წარდგენილი ანგარიშისთვის მადლობა გადაუხადა.
„არსებული დინამიკა გვაჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება როგორც ეკონომიკა, ასევე დასაქმებულთა რაოდენობა. ამ აქტივობების ერთ-ერთი კომპონენტი დასაქმების სააგენტოა“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ ცნობად მიიღო.
